ამ კრებულში, სპეციალურად თქვენთვის, 100 საუკეთესო იგავ-არაკი შევიტანეთ. ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის ეს პატარა თხზულებები თავისი მარტივი და გასაგები ენით ეფექტურ გავლენას ახდენს მკითხველზე. იგავ-არაკების გმირები, ძირითადად, ცხოველები და მცენარეები არიან, თუმცა მათ ნაცვლად, ადამიანები იგულისხმება. მათში ჩადებულია სიბრძნე, რომელიც ადამიანებმა ცხოვრებაში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. უდიდესი ქართველი მეიგავე იყო სულხან-საბა ორბელიანი - ავტორი კრებულისა "სიბრძნე-სიცრუისა". მისი იგავ-არაკები აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას; გვასწავლის მეგობრობის, ერთიანობის, გვერდში დგომის, ერთგულების, განსწავლულობისა და გონიერების ფასს. ამ წიგნში თქვენ ასევე წაიკითხავთ დიდი რუსი მწერლის ივანე კრილოვის ცნობილ იგავ-არაკებს. მისი ბრწყინვალე თარგმანები უდიდეს ქართველ პოეტს აკაკი წერეთელს ეკუთვნის. კრებულში შესული 100 რჩეული იგავ-არაკით, თქვენ კიდევ ერთი ქართველი მწერლისა და მეიგავის, აკაკი გელოვანის შემოქმედებას გაეცნობით.