მე ხომ მხოლოდ ის მინდოდა, ისე მეცხოვრა, როგორც ამას ჩემი მე ითხოვდა, რატომ იყო ეს ასე ძნელი?"- ეს სიტყვები ეპიგრაფად უძღვის ჰერმან ჰესსეს რომანს "დემიანს" და კარგად წარმოჩნდება ნაწარმოების მთავარი სათქმელი. მწერალს სწორედ იმ ტანჯვის მხატვრულად ხორცშესხმა და გამოსახვა სურდა, რომელსაც იწვევს მეს შემეცნება, ადამიანის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, რომელიც დაკარგული სამოთხის ძიებას ედარება.რომანის მთავარი გმირი ყმაწვილი დემიანეა, ერთგვარი მისტიკური და სიმბოლური სახე, რომელიც თავისთავში თანაბრად მოიცავს ანგელოზურსაც და დემონურსაც. ის ზინკლერს ადრეულ ბავშვობაში შემთხვევით გადაეყრება, დაუმეგობრდება და დიდწილად განსაზღვრავს მის სულიერ ძიებებს. დემიანი, ამავე დროს, შეიძლება გავიაზროთ, ჩვენი სულის მეამბოხე ნაწილის ერთგვარ პერსონიფიცირებად, ბარათაშვილისეულ "ბოროტ სულად", რომელიც აშფოთებს გონებას, კლავს ყმაწვილის "ბრმა სარწმუნოებას" და ადამიანს ყოფის შემაძრწუნებელ უფსკრულებს აზიარებს. ამ ნაწარმოებშიც ჰესე ჩვეული ოსტატობითა და შთამბეჭდაობით ყვება ადამიანის სულის ჭიდილის შესახებ. 1922 წელს დაწერილ ერთ წერილში თვითონ ჰესე "დემიანს" ასე განმარტავდა: `ეს წიგნი აქცენტს აკეთებს ინდივიდუალიზაციაზე, პიროვნების ჩამოყალიბებაზე, რომლის გარეშე უმაღლესი სულიერი ცხოვრება არ არსებობს. ამ პროცესში კი აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა, თვიდაჯერება. ამ დროს მხოლოდ ერთადერთი მტერი გებრძვით- პირობითობა, ირიბობა, მეშჩანურობა. უკეთესია ებრძოლო ყოველგვარ ეშმაკს, ვიდრე აღიარო პირობითობის ყალბი ღმერთი. მართლაც, ყოველგვარ პირობითობასა და სიყალბესთან ბრძოლის პათოსით არის ეს ნაწარმოები გამსჭვალული.