ცნობილი ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის (1896-1940) რომანი „ნაზია ღამე“ მოიცავს ხუთწლიან პერიოდს და მოგვითხრობს ამერიკელთა ერთ ჯგუფზე, იმხანად ევროპაში რომ ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმი, დიკ დაივერი ოცნებობს მეცნიერებებში წარმატებაზე. ჩიკაგოელი მილიონერის ქალიშვილზე, ნიკოლზე ქორწინება მის სამეცნიერო კარიერას წერტილს დაუსვამს. დიკის გვერდით ათ წელიწადს ყოფნით ნიკოლი (ფსიქიური პრობლემების მქონე და ქორწინებამდე მისი პაციენტი) იკურნება. ეს არ არის ავტობიოგრაფიული რომანი, თუმცა ძალიან ბევრი პარალელი იკვეთება მწერლისა და მისი მეუღლის ზელდა ფიცჯერალდის ბიოგრაფიასა და რომანის გმირებს შორის - ფიცჯერალდების ექსტრავაგანტული, ხშირად გიჟური გამოხტომები ამერიკაში, რომელიც პურიტან ამერიკელებს შოკში აგდებდა, მათ მიერ „აღმოჩენილი“ ფრანგული რივიერა, შეჯიბრი გართობასა და დროსტარებაში, ზელდას სიგიჟე (თუმცა ცხოვრებაში პირიქით მოხდა - ზელდამ სიგიჟით კი არ დაიწყო, დაამთავრა), ეს ყველაფერი კრიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ამ რომანში ყველაზე მეტად იკვეთება ავტორის პირადი გამოცდილება, პირადი ტრაგედია, რაც უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ზელდას ღალატს. ერნესტ ჰემინგუეი თავის ავტობიოგრაფიულ რომანში „განუყრელი დღესასწაული“ დაუფარავი სარკაზმით საუბრობს ზელდას ღალატის სამ ვერსიაზე, რომლებიც სკოტ-ფიცჯერალდმა მას უამბო. ჰემინგუეი წერს, სკოტ-ფიცჯერალდი თითქოს იმ ვერსიას ეძებდა, რომელიც მის რომანს საუკეთესოდ მოერგებოდაო. ჩვენთვის ხელმიუწვდომელია ამ რომანის სიუჟეტის განვითარების ალტერნატიული ვერსიები, თუმცა დაივერების წყვილის თავგადასავალი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის პროზის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.