ცისნამი საყვარლიშვილი განცდის ადამიანია. განცდის და ფიქრისაც, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო განცდის, რამდენადაც მას ვიცნობ და მით უფრო, რაც ამ წიგნში წავიკითხე. ეს არის ფრაგმენტული დღიური იმ თითქოს ნაცნობ და ამავდროულად სრულიად უცნობ ქარტეხილებზე, რაც გარდაუვალი გამოდგა „ოთხმოცდაათიანების“ თაობისთვის და განსაკუთრებით, ცხადია რომ, ქალებისთვის. თითქოს ნაცნობი იმიტომ, რომ აღწერილი გზა ათასობით ქართველმა ემიგრანტმა გაიარა, ხოლო უცნობი იმიტომ, რომ ყველა გზა, მიუხედავად გარეგნული და ზედაპირული მსგავსებისა, უკიდურესად პერსონალურ ისტორიებს გულისხმობს: მარცხებსა და გამარჯვებებს, რომელიც მხოლოდ მათია და მათგანაა.
ცისნამი თითქოს ერთი გამოქცეული პერსონაჟია ლევან კოღუაშვილის შესანიშნავი ფილმისა „ქალები საქართველოდან“, ფილმიდან ლიტერატურაში გამოქცეული და უფრო ვრცლად გვიყვება უახლესი საქართველოს პარალელური ცხოვრების შესახებ, რომელიც შეიძლება ოდესმე მემატიანემ გამოტოვოს კიდეც, არადა, თუ გულწრფელი ვიქნებით, ბოლო ოცი წელია, ჩვენი ქვეყანა სწორედ ორ ნაწილად ცხოვრობს – საზღვარს მიღმა და საზღვარს შიგნით.
მოკლედ, გაიცანით ცისნამი – წითელთმიანი გოგონა ფერადი ცხოვრებით.“ – გიორგი კეკელიძე