ხელნაკეთი თოჯინები ქართული ნაციონალური სამოსით
მასალა: პოლიმერული თიხა, ქსოვილები, მავთული, ხელოვნური ტყავი, ხელოვნური ბეწვი,ლენტები, სინტიფონი, ხის დასადგამი.
ზომა 25-30 სანტიმეტრი
სიტყვა ყარაჩოხელი ან ყარაჩოღელი — მათივე ჩაცმულობის თავისებურებიდანაა მიღებული და შავჩოხიანს ნიშნავს. იგი ძველი თბილისის სალაპარაკო ლექსიკაში მეცხრამეტე საუკუნიდან შემოდის ხმარებაში.
ყარაჩოხელი — შავჩოხიანი ხელოსანი ან წვრილი ვაჭარი ძველ თბილისში. გამოირჩეოდა სიდარბაისლით, დარდიმანდობით. მათ ჰქონდათ თავისებური ჩაცმულობა — გულამოღებული აბრეშუმის პერანგი, შავი ატლასის ან სატინის წვრილნაოჭიანი ახალუხი, შავი შალის შარვალი, ქოშები ან წაღები, გრძელკალთებიანი, მოკლენაოჭიანი ორჩაქიანი შავი შალის ჩოხა, შემკული ვერცხლის გობაკიანი ქამრით, ბაღდადი და კრაველის ბუხარული ქუდი. ზოგჯერ ქამარს სოციალური დატვირთვაც ჰქონდა. მარტოხელა ყარაჩოხელის დაკრძალვის ხარჯებს მისი კუთვნილი ქამრის გაყიდვით ანაზღაურებდნენ. ყარაჩოხელი ჩვეულებრივ რომელიმე ხელოსნური ამქრის წევრი იყო და ხელოსნის პროფესიას ორთაჭალის ბაღებსა თუ მტკვარზე მოცურავე ტივებზე ქეიფს უხამებდა. ყარაჩოხელები განთქმულნი იყვნენ კრივში ფალავნობით. ძველი თბილისის ყოფას ყარაჩოხელები XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩნენ.