თქმულება „ამირანზე“ ერთ-ერთი უძველესი ფოლკლორული ძეგლია, მისი ფესვები წარმართულ ხანაში იკარგება. როგორც ჩანს, დროის დინებას გავაყოლეთ ის ცოდნა, ის აღქმა, რაც ქართველმა კაცმა თავისი ერთ-ერთი საყვარელი გმირის თავგადასავალში კოდივით ჩადო. დღეს მხოლოდ სპეციალისტებისთვის არის მისახვედრი, მაინც რატომ ებრძოდა ამირანი დევ-ქაჯებს, რატომ დაისაჯა ასე უმოწყალოდ. ამირანის ეპოსში გაბნეულ ამ ქარაგმებს დღევანდელი მკითხველისთვის განმარტება სჭირდება, ამიტომაც წიგნის შემქნელებმა მიზნად დაისახეს იმდენად უშუალოდ და გულწრფელად გაგიზიარონ თავიანთი ნააზრევი, რომ მკითხველიც წაგაქეზონ, იკითხოთ ამირანი თქვენებურად, ინტერპრეტაციებით.