ამ წიგნში თავმოყრილია უმთავრესად ის „ამბები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველმკვლევრებმა რომ მოიძიეს, ჩაიწერეს, გამოაქვეყნეს და შემდგომი კრიტიკული შესწავლისათვის დაგვიტოვეს. დიდი ჯაფა ადგათ მათ, რადგან მარცვალ-მარცვალ უნდა ეგროვებინათ ცნობები უდროოდ და უსახელოდ გამქრალი პოეტის ჯერ კიდევ ცოცხალ თანამედროვეებსა თუ მათ შთამომავლებთან – ასე შეაკოწიწეს მისი ბიოგრაფია.
ეს არის უნიკალური და მეტად ღირებული მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საკვლევად – ამონარიდები მემუარებიდან, დღიურებიდან, პირადი წერილებიდან... ისინი გვაცნობს რომანტიკოსი პოეტის გარეგნობას, ხასიათს, ოჯახურ გარემოს, სანაცნობო წრეს, ინტერესებს, მსოფლაღქმას, სულიერ დრამას... გაცოცხლებულია მისი ცხოვრების ფრაგმენტები ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ეპიზოდები...