ოსტატი და მარგარიტა“ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს, რომ ხელოვნების რაობაზე დაფიქრება და ამაღლებულ სიყვარულთან ზიარება მოგვიწევს; „წიგნი წიგნში“ – ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იეშუას (იესოს) ურთიერთობაზე – სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ჭიდილს კიდევ ერთხელ დაგვანახვებს; რომანის მესამე შრე – ეშმაკი ვოლანდისა და მისი ამალის თავგადასავალი კი ჯადოქრობისა და მისნობის ასევე ოდინდელ თემებს ავითარებს. ამგვარად, თქვენ წინაშეა მარადიული წიგნი მარადიულ საკითხებზე.