"მარკ მენსონის წიგნი "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" შემთხვევით აღმოვაჩინე. 2018 წლის დასაწყისი იყო. უბრალოდ, გუგლში ჩავწერე ყველაზე პოპულარული წიგნები. ეს წიგნი ათეულში შედიოდა. ჩემი ყურადღება სათაურმა მიიქცია. წიგნის შეძენამდე სარჩევს გადავავლე თვალი. წიგნი ხუთ დღეში წავიკითხე. საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, ეგზისტენციურ კრიზისს რომ ეძახიან. წიგნში წაკითხული თითოეული წინადადება იმდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო, რომ ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებდი. ეს არის წიგნი ცხოვრების შესახებ, დაწერილი ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მიერ, რომელსაც არც სადოქტორო აქვს დაცული და არც ძეგლი უდგას სადმე. უბრალოდ, ადგა, ძალიან ბევრი იფიქრა, იწვალა და არასრულფასოვნების კომპლექსიც დაძლია. შემდეგ გადაწყვიტა, თავისი ცხოვრებისეული მიგნებებითა და გამოცდილებით მილიონობით ადამიანს დახმარებოდა და ეს წიგნი დაწერა. ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოუვიდა. ორმაგად სასიხარულოა, რომ მენსონის წიგნი ქართულად ითარგმნა "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში და ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა." - დავით ახალაძე