ცნობილ ნორვეგიელ მწერალს, 1920 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს კნუტ ჰამსუნს როგორც მწერალს, აღიარება პირველმა რომანმა, 1890 წელს გამოცემულმა „შიმშილმა“ მოუტანა. 1892 წელს კი გამოვიდა მისი მეორე რომანი – „მისტერიები“, რომელსაც კრიტიკოსები მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევენ. მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე და მის ადგილზე გარესამყაროში, რომლის მთავარი პერსონაჟი – არაორდინალური, გაორებული და მარტოსული ნაგელი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი.