ნადირობა ცხვარზე“ „ვირთხას ტრილოგიის“ ბოლო წიგნია, მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით გაჯერებული. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა, განსაკუთრებული არაფერი... ეს ყველაფერი როგორღაც თავისთავად, იოლად აღიქმება, მაგრამ აი, სულ ორიოდე გვერდზე აღწერილი ფინალი, და... უცებ ქრება ყოველგვარი სიმარტივეც და უბრალოებაც. ფინალი მართლაც ბევრ კითხვას ბადებს, რომლებზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია. წიგნი ყოველგვარი განმარტების გარეშე, ერთბაშად მთავრდება, რაც გამოუცდელ მკითხველს ლამის გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, თუ ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიუჟეტური ხაზის იმედად დარჩება. მაშველი რგოლის მაგივრობას ფსიქოანალიზი თუ გაგიწევთ, რის წყალობითაც, საბოლოოდ ყველაზე თუ არა, ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს.