ალბერ კამიუს რომანის "შავი ჭირის" თარგმანი გამოქვეყნდა 1986 წლის ალმანახ "საუნჯეში" (## 5, 6). პირველი ნაწილი თარგმნეს კოტე ჯავრიშვილმა და გასტონ ბუაჩიძემ, ხოლო მეორე ნაწილი - ნესტან იორდანიშვილმა. წინამდებარე თარგმანი წარმოადგენს აღნიშნულის ახალ, შესწორებულ და გადამუშავებულ ვარიანტს (მთარგმნელები გასტონ ბუაჩიძე და ნესტან იორდანიშვილი). რომანი "შავი ჭირი" 1947 წელს გამოქვეყნდა. იგი ალბერ კამიუს "ამბოხის ფილოსოფიის" ციკლს განეკუთვნება. ალჟირის ქალაქ ორანში მოულოდნელად გავრცელდება შავი ჭირის ეპიდემია (ნაციზმის ალეგორია). ქალაქი ჩაიკეტება და ერთბაშად მოსწყდება გარე სამყაროს. ორანელები ქალაქის პატიმრები ხდებიან და ნელ-ნელა დროის ადამიანური განსაზღვრის უნარს კარგავენ. მათთვის აზრი ეცლება მცნებებს: იმედი (მომავალი), მოგონებები (წარსული) და დროის აღქმა მოიცავს მხოლოდ აწმყოს. ადამიანები სენის კანონებს ემონებიან...